სალომე სამადაშვილი - საქართველოს ოლიგარქიული მმართველობისგან როცა გავათავისუფლებთ, პოლიტიკურ დევნილებს, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა
სალომე სამადაშვილი - საქართველოს ოლიგარქიული მმართველობისგან როცა გავათავისუფლებთ, პოლიტიკურ დევნილებს, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, როცა საქართველო ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული მმართველობისგან გათავისუფლდება, პოლიტიკურ დევნილებს, პირველ რიგში კი მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში დაბურნების საშუალება მიეცემა.

„მე წარმომიდგენია, რომ როდესაც გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული მმართველობისგან, შესაძლებლობა მიეცემათ პოლიტიკურ დევნილებს და პირველ რიგში, სწორედ მიხეილ სააკაშვილს, რომ დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, საიდანაც ის არის განდევნილი ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკურად შერჩევითი მართლმსაჯულების შედეგად.

შემდგომ ქართველ ხალხს შეუძლია, თავად განსაზღვროს მისი, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკოსის მომავალი. სააკაშვილის მომავალი ასე წარმომიდგენია“,- აღნიშნა სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს, კითხვაზე, იქნება თუ არა ისევ საქართველოს პრეზიდენტი, უპასუხა, რომ „არ აპირებს უკანა სავარძელზე ყოფნას, მას საჭესთან ჯდომა უყვარს“.

სააკაშვილის თქმით, ქართველი ხალხი მას საუკუნეების შემდეგაც გაიხსენებს.

„ქართველები ერთი პერიოდი ჩემგან დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ. მე მათგან სიყვარულს ვგრძნობ. ვფიქრობ, არამარტო 3-5 საუკუნის შემდეგ გამიხსენებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.