სალომე სამადაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ მიაღწევს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
სალომე სამადაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ მიაღწევს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერანაირად ვერ მიაღწევს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა კრიტიკულია.

„ანგარიშის თანახმად, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ თავისუფალი არჩევანი. ძალადობის, ზეწოლისა და ტერორის ქვეშ ჩატარდა არჩევნების მეორე ტური. ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სუს-ი ერევა ჩვენს პირად სივრცეში. სუს-ი ახორციელებს მოქალაქეებზე თვალთვალს და ზეწოლას, როგორც მას სჭირდება. ​სუს-სა და უშიშროების სამსახურებზე არანაირი სამოქალაქო ზედამხედველობა არ არსებობს. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან. აუცილებლად მინდა, ვახსენო დავით კირკიტაძის საქმე, რომელიც ასევე არის მოხსენიებული ამ ანგარიშში. აღმოჩნდა, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთით და პირადი ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და შესაბამისად, არ არსებობს არანაირი უფლებისა და თავისუფლების შესაძლებლობა.

„რას ნიშნავს ეს ანგარიში? ეს ანგარიში ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერანაირად ვერ მიაღწევს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან ნატო და ევროკავშირი არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება. ჩვენ გვითხრეს, რომ ჩვენს სახელმწიფოში დემოკრატია ფაქტობრივად არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო დარჩება ღარიბ და განუვითარებელ სახელმწიფოდ, რადგან არც ერთი ინვესტორი, რომელიც წაიკითხავს ამ ანგარიშს, არ ჩადებს ფულს და ინვესტიციას ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. შესაბამისად, ამ ანგარიშის გზავნილი ჩვენთვის, ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან ნათელი – თუ არ შეიცვალა ხელისუფლება, თუ არ შეიცვალა პოლიტიკური სისტემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, რეალურად ჩვენს ქვეყანას არ აქვს არც დაცული, არც უსაფრთხო და არც არანაირი ევროატლანტიკური მომავალი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა. ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ხარვეზებზეც არის საუბარი. დასკვნაში წერია, რომ საქართველოში კანონმდებლობა უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, თუმცა სასამართლოს მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები რჩება. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობდნენ.