სალომე სამადაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნით ვერაფერი შეიცვლება, თუ დარჩა ძალაში სისტემა, რომელიც არსებობს
სალომე სამადაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნით ვერაფერი შეიცვლება, თუ დარჩა ძალაში სისტემა, რომელიც არსებობს

იმ პირობებში, როცა საზოგადოების თვალში სრულიად დისკრედიტებულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და არ იგეგმება ოფიციალური პირების, მათ შორის თეა წულუკიანის გათავისუფლება, არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ექნება რეალურად შედეგი, – ამის შესახებ დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარალამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ წარადგინა ინიციატივა, შექმნილიყო პარლამენტში საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლიდა საქართველოში აჰმედ ჩატაევის შემოსვლას და ირიბად შეიძლება მისულიყო იქამდეც, რომ შეესწავლა, რა პირობებში დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომლის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართლიანობას ითხოვს.

„ყოველგვარი დებატების გარეშე, ისე რომ, ამ დარბაზში პარლამენტის არც ერთ წარმომადგენელს ჩემთვის კითხვა არ დაუსვამს, რატომ წამოვაყენეთ ეს ინიციატივა, დაიბლოკა საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა. ახლა, როცა ათასობით ჩვენი მოქალაქე გამოვიდა თბილისის ქუჩებში და გვეუბნება, რომ ეს სისტემა არ მუშაობს მათთვის და მუშაობს მათ წინააღმდეგ, უმრავლესობას ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია. როგორც ჩანს, შესაბამისი მითითებაც მიიღეთ თქვენი პოლიტიკური მმართველი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის თქვენი მოღვაწეობის ისტორიაში პირველად დათანხმდეთ, პარლამენტმა შეასრულოს საკუთარი საზედამხედველო ფუნქცია და შექმნას საგამოძიებო კომისია“, – მიმართა უმრავლესობის წევრებს სამადაშვილმა.

ამასთან, როგორც დეპუტატი ამბობს, ყოველთვის მიესალმება პარლამენტში მეტი საზედამხედველო ფუნქციების შექმნას, მაგრამ მიიჩნევს, რომ მხოლოდ კომისიის შექმნა ვერ მოიტანს რეალურ შედეგს.

„ზოგადად, ყოველთვის მივესალმები პარლამენტში მეტი საზედამხედველო ფუნქციების შექმნას და მათ შორის, ამ საგამოძიებო კომისიასაც. შესაძლოა, განმეხილა მისთვის მხარი დამეჭირა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების თვალში უკვე სრულიად დისკრედიტებულია ამ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მხოლოდ კომისიის შექმნა, მაშინ, როცა ამის პარალელურად ვხედავთ, რომ არანაირად არ იგეგმება ოფიციალური პირების გათავისუფლება, მათ შორის, პირველ რიგში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის, რომელსაც აქ ისევ კბილებით იცავს უმრავლესობის წარმომადგენელი, არანაირ საგამოძიებო კომისიას არ ექნება რეალურად შედეგი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, უკვე მეოთხედ იცვლება მთავარი პროკურორი და გაუგებარია, რატომ უნდა ენდოს იუსტიციის მინისტრს ამჯერადაც საზოგადოება, რომ ის უკეთეს კანდიდატურას შეარჩევს, ვიდრე მანამდე იყო.

„ჩემთვის გაუგებარია სისტემაში, სადაც პროკურორი ექვემდებარება, ფაქტიურად, პროკურორს გვირჩევს თეა წულუკიანი, რომელიც არაერთხელ შეცდა, რატომ უნდა გამოუცხადოს მას ვინმემ ნდობა, რომ დღეს შეარჩევს უკეთეს კანდიდატურას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ხორავას ქუჩის ტრაგედიამ გამოიწვია მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია სისტემის წინააღმდეგ.

მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობა უნდობლობას უცხადებს საგამოძიებო კომისიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზული განხეთქილებაა ხალხსა და მათ წარმომადგენლებს შორის.

სამადაშვილის შეფასებით, კომისიის შექმნით ვერაფერი შეიცვლება, თუ დარჩა ძალაში ის სისტემა, რომელიც არსებობს.

„იუსტიციის მინისტრის დაუყოვნებლივ გადაყენება არის სრულიად საქართველოს აქტიური საზოგადოების მოთხოვნა და პოლიტიკური სპექტრისაც, მაგრამ ამას ვერ გააკეთებთ, რადგან წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია, ჩაუხსნელი რგოლია სისტემაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხსა და მის შემადგენლობას კენჭს დღეს უყრიან.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.