სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობასთან გავაგრძელებთ მუშაობას, რათა კარგად განვუმარტოთ, ახალი კონსტიტუციის პირობებში, რას ნიშნავს გაყალბების ეს მასშტაბი, დარწმუნებული ვარ, მათი შეფასებებიც გადაიხედება
სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობასთან გავაგრძელებთ მუშაობას, რათა კარგად განვუმარტოთ, ახალი კონსტიტუციის პირობებში, რას ნიშნავს გაყალბების ეს მასშტაბი, დარწმუნებული ვარ, მათი შეფასებებიც გადაიხედება

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რომ მათ კარგად განვუმარტოთ, ახალი კონსტიტუციის პირობებში, რას ნიშნავს გაყალბების ის მასშტაბი, რომელიც მოხდა 31 ოქტომბერს, დარწმუნებული ვარ, მათი შეფასებებიც გადაიხედება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეფასება, რომ იყო დარღვევები, თუმცა არჩევნები ლეგიტიმურია, არის ნონსენსი და შეუსაბამო გადაწყვეტილება.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ლეგიტიმურობას არჩევნების, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ჩვენს ქვეყანაში და მონაწილეობს ქართველი ხალხი, უნდა აღიარებდეს ქართველი ხალხი, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების აზრია მნიშვნელოვანი. მინდა, შეგახსენოთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, რომელსაც თავის დროზე ქალბატონი ჟვანია ხელმძღვანელობდა, ვიდრე ბნელ მხარეს გადავიდოდა და ივანიშვილის ყველა დაკვეთას გააფორმებდა, დადო დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს განაცხადს, რომ ხელისუფლებამ ამ არჩევნებზე მოიპარა სწორედ იმ რაოდენობით ხმები, რა რაოდენობის ხმებიც სჭირდება გამარჯვების გასაფორმებლად.

ეს დასკვნა, არა პოლიტიკური პარტიების, არამედ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, არის ყველაზე კარგი პასუხი, აქვს თუ არა ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს, რადგან ის დარღვევები, რაც ადრეც გვინახავს, ახდენს შედეგს ხელისუფლების ფორმირებაზე, ვინ ჩამოაყალიბებს ხელისუფლებას. ამიტომ ის შეფასება, რომ იყო დარღვევები, მაგრამ არჩევნები არის ლეგიტიმური, არის თავისთავად ნონსენსი და შეუსაბამო გადაწყვეტილება. როდესაც დარღვევების მასშტაბი იწვევს იმას, რომ არჩევნების შედეგი არ ასახავს რეალურ პოლიტიკურ ნებას, რომელიც ხალხმა არჩევნებზე გამოხატა, ეს ნიშნავს, რომ ეს არჩევნები ვერ და არ იყო ლეგიტიმური. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რომ მათ კარგად განვუმარტოთ ახალი კონსტიტუციის პირობებში, რას ნიშნავს ის გაყალბების მასშტაბი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს, დარწმუნებული ვარ, მათი შეფასებებიც გადაიხედება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.