სალომე სამადაშვილი - რასაც მე „ფეისბუქზე“ მემუქრებიან, ყოველ ჯერზე ბრიფინგი რომ გავმართო, უხერხული იქნება
სალომე სამადაშვილი - რასაც მე „ფეისბუქზე“ მემუქრებიან, ყოველ ჯერზე ბრიფინგი რომ გავმართო, უხერხული იქნება

რასაც მე „ფეისბუქზე“ მემუქრებიან, ყოველ ჯერზე ბრიფინგი რომ გავმართო, ცოტა უხერხული იქნება, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, ზურაბიშვილსა და მის შვილებს ემუქრებიან.

„ფეისბუქზე“ თავდასხმის ობიექტი სამწუხაროდ ყველანი ვართ, საჯარო პირები“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომ მუქრის ავტორები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული ყოფილი სამხედრო პირები არიან, დეპუტატის თქმით, ამ ფაქტს შესაბამისი დასაბუთება სჭირდება.

„არ ვიცი, წარმოადგინოს შესაბამისი საბუთები, მაგრამ „ფეისბუქზე“  თავდასხმებისა და ძალიან უხეში თავდასხმების მსხვერპლნი ჩვენც ვართ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.