სალომე სამადაშვილი - ნიკა მელიას დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას გაართულებდა
სალომე სამადაშვილი - ნიკა მელიას დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას გაართულებდა

სახალხო დამცველმა საკმაოდ მკაფიო გზავნილები გააკეთა, რომ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებელია, თუმცა ცხადია, ამას ის ვერ ჩაატარებს, ვინც კანონდარღვევის ავტორია, ვგულისხმობ შინაგან საქმეთა მინისტრს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველმა ასევე მკაცრად განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის დევნა
პოლიტიკურ პროცესს მხოლოდ გაართულებს.

„ნიკა მელიას დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას გაართულებდა. იმედი მაქვს, სახალხო დამცველი პროცესში ჩართულობას გააგრძელებს, თუმცა ვფიქრობ, სანამ გახარია თანამდებობიდან არ გადადგება და დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესი არ წარიმართება, რეალურად 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ სიმართლეს ვერ დავადგენთ. 20 ივნისის ღამის სრულფასოვანი გამოძიება გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას, რადგან ისე სრულფასოვან გამოძიებაზე საუბარი აბსურდია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მიიღება.

„როცა ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ივანიშვილთან შეთანხმებით მიიღება, 20 ივნისს ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა. სრულფასოვანი გამოძიება გულისხმობს არა მხოლოდ გიორგი გახარიას ან ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას, არამედ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესწავლა დაიწყო.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურა ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.