სახალხო დამცველის აპარატმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო
სახალხო დამცველის აპარატმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის (#074220619801) შესწავლა დაიწყო („20-21 ივნისის ფაქტების გამოძიება“). ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

„სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს გამოძიების პროცესს ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. შეფასების კრიტერიუმები გამოძიების დამოუკიდებლობის, დროულობის, ზედმიწევნითობის, კომპეტენტურობისა და დაზარალებულის ჩართულობის ელემენტები იქნება. სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმას, ჩატარდა თუ არა ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ეს მოქმედებები ჩატარდა თუ არა დროულად და ხომ არ არის სახეზე გამოძიების პროცესის არაგონივრული გაჭიანურება, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა თუ არა ჯეროვანი გულისხმიერებით და ამომწურავად“, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

მათივე ინფორმაციით, 20-21 ივნისის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგის სპეციფიკა ექსტრაორდინალურია და მას სახალხო დამცველის აპარატის წინარე გამოცდილებასთან მსგავსება არ აქვს.

„გამოძიების საწყისი მიმდინარეობის პარალელურად ხარვეზების იდენტიფიცირების და რეკომენდაციების გაცემის გამოცდილება სახალხო დამცველის აპარატს აქამდე არ ჰქონია. გასულ პერიოდში სახალხო დამცველმა საზოგადოებას რამდენიმე მიმდინარე საქმის შესწავლის შედეგები წარუდგინა. თუმცა, ხსენებულ შემთხვევებში გამოძიების დაწყებიდან საკმაო ვადა იყო გასული და შესაძლებელი იყო ჩატარებული გამოძიების ერთიანი და სრულყოფილი შეფასება. 20-21 ივნისის ფაქტების გამოძიების პროცესში სახალხო დამცველს მოუწევს შეაფასოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები გამოძიების პროცესის კვალდაკვალ. მიუხედავად ამ მიმართებით შესაბამისი გამოცდილების არ ქონისა, სახალხო დამცველის აპარატი გააკეთებს ყველაფერს, რათა გამოძიება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად შეაფასოს და მიმდინარე რეჟიმში და საბოლოოდ მიაწოდოს რეკომენდაციები სისხლის სამართლის საქმის ზედამხედველ პროკურორებს.

სახალხო დამცველის აპარატი, ცხადია, ვერ ჩაანაცვლებს პროკურატურის საზედამხედველო ფუნქციას. მით უფრო, აპარატი ვერ შეასრულებს საგამოძიებო ფუნქციებს. სახალხო დამცველის აპარატის როლი საგამოძიებო ორგანოს პასუხისმგებლობით ჩატარებული გამოძიების ეფექტიანობის შეფასება იქნება და ამ კუთხით შესაბამის რეკომენდაციებს წარვუდგენთ საქმის ზედამხედველ პროკურორებს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

​გამოძიების მონიტორინგის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიზნით სახალხო დამცველი შექმნის საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა ჯგუფები, არასამთვრობო ორგანიზაციები და პროფესიული წრეები იქნებიან წარმოდგენილი. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, უახლოეს დღეებში აღნიშნულის თაობაზე დამატებით აცნობებენ საზოგადოებას.

„სახალხო დამცველი ეცდება მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას. ბუნებრივია ვერ მოხდება იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოპერატიულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება.

აქვე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ამომწურავი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გამოძიების პროცესთან არსებული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში კი მოგიწოდებთ მომართოთ სახალხო დამცველის აპარატს“, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.