სალომე სამადაშვილი - მიხეილ სააკაშვილი რეგიონული მასშტაბის ლიდერია
სალომე სამადაშვილი - მიხეილ სააკაშვილი რეგიონული მასშტაბის ლიდერია

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მოსაზრებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონული მასშტაბის ლიდერია, რომელიც რეგიონში დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ბრძოლის ავანგარდშია.

ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და იმის თაობაზე ისაუბრა, აქვს, თუ არა ყოფილ პრეზიდენტს უფლება, საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩაერთოს.

დეპუტატი ამბობს, რომ სააკაშვილის აზრი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისა და მოქალაქეებისთვის საქართველოში, არამედ რეგიონის არაერთ სხვა ქვეყანაში.

„მისი აზრი ანგარიშგასაწევია არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არამედ ასობით ათასი ადამიანისთვის და ალბათ, მილიონობით ადამიანისთვის მთელ რეგიონში მისი კოლექტიური მასშტაბებიდან გამომდინარე. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, აზრი გამოთქვას სხვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. დღეს შემიძლია, შეფასება გავაკეთო პოლიტიკურ პროცესზე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოზე და ძალიან დიდი განსხვავებაა აზრის გამოთქმასა და უშუალოდ საარჩევნო აქტივობებში მონაწილეობას შორის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.