სალომე სამადაშვილი - ლევან ყიფიანი ფიზიკური განადგურების შიშით მზად არის, ენით აღუწერელ ტყუილებზე ისაუბროს
სალომე სამადაშვილი - ლევან ყიფიანი ფიზიკური განადგურების შიშით მზად არის, ენით აღუწერელ ტყუილებზე ისაუბროს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა გუშინდელი განცხადებები ფიზიკური განადგურების შიშით გააკეთა.

„ადამიანი, რომელიც აშკარაა, ფიზიკური განადგურების შიშით მზად არის, რომ ენით აღუწერელ ტყუილებზე ისაუბროს, ისტორიები მოიგონოს, რომელიც, ვფიქრობ, დამაჯერებელი არავისთვის არის. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მტკივნეული სანახაობა იყო ასეთი დამცირებული ადამიანის ყურება. ამ განცხადების შემდეგ ერთი რამ ნათელია, რომ არანაირი გამოძიების პროცესის მიმართ არ შეიძლება ვინმეს რაიმე სახის ნდობა ჰქონდეს. სწორედ ის განცხადებები, რაც ბოლო დღეებში კეთდება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ზუსტ შეფასებას აძლევს იმას, თუ ქვეყანაში რა ვითარებაა შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის თვალსაზრისით. ჩვენ დღეს რეალურად ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ შეიძლება, რაიმე სახის ნდობა გვქონდეს სახელმწიფოს მიმართ, რომელიც კოორდინირებულად მუშაობს, როგორც კრიმინალური სინდიკატი საკუთარი კორუმპირებული ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კითხვაზე, დააშინეს თუ არა ყიფიანი, სამადაშვილმა განაცხდა, რომ ლევან ყუფიანი გუშინ სასოწარკვეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

„ყველამ, ვინც ყიფიანის განცხადებას უყურა, შთაბეჭდილება გაუჩნდა, რომ ჩვენ საკმაოდ სასოწარკვეთილ ადამიანს ვუსმენდით, რომელიც მზად არის, ყველაფერი თქვას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება და ინტერესები დაიცვას. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანების, მათ შორის ყოფილი სახელმწიფო პირებისა და ყოფილი მინისტრების ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა შეიძლება. მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე საქალაქო სასამართლოში გუშინ გამოიკითხა. ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა. რაც შეეხება ბანკს, ყიფიანმა განაცხადა: „მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა „ოჯთ“-ის, თუ „ბე-ემ-ვეს“ ოფისში, სად წავიდა ეს ფული, ჩემთვის უცნობია“.