სალომე სამადაშვილი ლევან ხაბეიშვილისა და ანა წითლიძის მიერ დღეს ქვეყნის დატოვებას უკიდურეს პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას უწოდებს
სალომე სამადაშვილი ლევან ხაბეიშვილისა და ანა წითლიძის მიერ დღეს ქვეყნის დატოვებას უკიდურეს პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას უწოდებს

როდესაც ვიღაცამ იცოდა, რომ ხვალ კენჭისყრა უნდა გამართულიყო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, წასულიყო ქალაქიდან, ეს არის უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და ამავე პარტიის წევრის, ანა წითლიძის საქართველოდან პოლონეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით.

„თუ მიგაჩნია, რომ პარლამენტში უნდა იყო და მანდატი უნდა გქონდეს, უფრო მნიშვნელოვანი რა საკითხი შეიძლება არსებობდეს მანდატის გამოსაყენებელად? დღეებია, ვაწარმოებთ კამპანიას და ვაფრთხილებთ მთელ ოპოზიციას, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში თითო ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარ ხმასთან და მანდატთან არის ის, რაც საზოგადოებას უჩენს განცდას, რომ არ შეიძლება, ენდო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და მსგავსი საქციელი აზიანებს მთლიანად ოპოზიციას“, – აღნიშნულია სამადაშვილის კომენტარში, რომელსაც პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, ხვალ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დანიშნოს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო პოლონეთიდან, რომელზეც მასთან არიან ანა წითლიძე, გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე და ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან ანა ფოტიგა.