სალომე სამადაშვილი - ჯგუფები დაუსჯელად თარეშობენ ქუჩებში და ხელყოფენ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, მოქალაქეები დაესწრონ ფილმს, რომლის ნახვაც სურთ
სალომე სამადაშვილი - ჯგუფები დაუსჯელად თარეშობენ ქუჩებში და ხელყოფენ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, მოქალაქეები დაესწრონ ფილმს, რომლის ნახვაც სურთ

რეალურად ეს არის რუსეთის დღის წესრიგი, ქვეყანაში შექმნან განცდა, რომ დასავლეთში ინტეგრაციის გარშემო და დასავლეთთან დაახლოების გარშემო ქვეყანაში არსებობს ღირებულების მხრივ დაპირისპირება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს კინოთეატრებთან გუშინ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

„მერვე წელია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხარდაჭერით, ქვეყანაში  ხდება მომძლავრება და მოძლიერება იმ ფაშისტური ძალადობრივი ჯგუფების, რომლებიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ საქართველოს ქუჩებში და თბილისის ქუჩებში. ეს რეალურად არის რუსეთის დღის წესრიგი, რომ ქვეყანაში ხელი შეუწყონ პოლარიზაციას საზოგადოებაში და დაპირისპირების გაზრდას და მეორე მხრივ, შექმნან განცდა, რომ დასავლეთში ინტეგრაციის გარშემო და დასავლეთთან დაახლოების გარშემო ქვეყანაში არსებობს რაღაცა ღირებულებრივი დაპირისპირება. ამ დავალებას ასრულებს ვასაძე, ამ დავალებას ასრულებს დიმიტრი ლორთქიფანიძე და ამ დავალებას ასრულებს ყველა ის ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ხელისუფლება ძალიან მკაცრ ზომებს გაატარებდა მსგავსი ჯგუფების წინააღმდეგ, ისინი რომ წარმოადგენდნენ პროდასავლურ მაგალითად, ოპოზიციას ქვეყანაში, მაგრამ რადგანაც ივანიშვილი, ვასაძე, ლორთქიფანიძე ერთსა და იმავე დავალებას ასრულებენ სხვადასხვა გზით. ვგულისხმობ რუსეთის დავალებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშორდეს ჩვენი ქვეყანა ევროპულ ორბიტას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ისინი ასე დაუსჯელად თარეშობენ ჩვენი ქვეყნის ქუჩებში და ხელყოფენ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, ჩვენი მოქალაქეების დაესწრონ იმ წარმოდგენას თუ იმ ფილმს, რომელიც მათთვის არის საინტერესო და რომლის ნახვაც სურთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზსმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე  გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება. მათ შორის მიმდინარეობს გამოძიება კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.