სალომე სამადაშვილი - „ენდიაის“ კვლევებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები საგრძნობლად გაღარიბებულნი არიან
სალომე სამადაშვილი - „ენდიაის“ კვლევებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები საგრძნობლად გაღარიბებულნი არიან

ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა – 80 პროცენტი მხარს აღარ უჭერს „ქართულ ოცნებას“ და სურს ცვლილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა „ენდიაის“ კვლევებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, „ენდიაის“ კვლევებმა აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად ჩამოშლილია.

ენდიაის“ კვლევებმა აჩვენა სურათი, რომელიც რეალობაა ჩვენს ქვეყანაში. იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა საგრძნობლადაა გაღარიბებული და ეკონომიკა არის ფაქტობრივად ჩამოშლილი, დღეს ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა – 80 პროცენტი მხარს აღარ უჭერს „ქართულ ოცნებას“ და სურს ცვლილება. ახლა ბურთი ოპოზიციის მხარეს არის – იმისათვის, რათა ჩვენ მოვახერხოთ და უახლოეს თვეებში, სწორედ იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ძალიან დიდი რაოდენობა დავარწმუნოთ, რომ ქვეყნის სწრაფი განვითარების სწორი გეგმა აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას. ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ხანა ქვეყანაში დასრულდა. ყველაზე მაღალი ნეგატიური შეფასება აქვს სწორედ ბიძინა ივანიშვილს. ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი აღარ აპირებს, ბიძინა ივანიშვილს დაუტოვოს საკუთარი სახელმწიფო სამართავად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი უკანასკნელი პროექტი – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასევე ლიდერია უარყოფითი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი დასრულდა კრახით და ქართველი ხალხი გამარჯვებას გააფორმებს შემდეგ არჩევნებზე, ამას აჩვენებს რეალურად ეს კვლევა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 32 პროცენტის აზრით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ყველაზე მეტ ხმას „ქართული ოცნება“ მიიღებდა.

კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით ვინ მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას“, პასუხები შემდეგნაირია: „ქართული ოცნება“  – 32 პროცენტი, „არ ვიცი“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 12 პროცენტი, „არცერთი“  – 11 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – 6 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – 2 პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 2 პროცენტი, „გირჩი“ – 1 პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 1 პროცენტი, „სხვა“ – 1 პროცენტი.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პოლიტიკური პარტიებიდან „ქართული ოცნება“ დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასეთია: „არცერთი პარტია“ – 20 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 13 პროცენტი, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – შვიდი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ექვსი პროცენტი,  „პატრიოტთა ალიანსი“ – ხუთი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“ – ოთხი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ – სამი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, თავისუფალი საქართველო – ერთი პროცენტი, სხვა – ერთი პროცენტი.