სალომე სამადაშვილი - დავით გარეჯის საქმე არის რუსეთის პროპაგანდის ხერხებით შექმნილი წინასაარჩევნო ხელოვნური თემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან
სალომე სამადაშვილი - დავით გარეჯის საქმე არის რუსეთის პროპაგანდის ხერხებით შექმნილი წინასაარჩევნო ხელოვნური თემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან

დავით გარეჯის საქმე არის პირდაპირ რუსეთის პროპაგანდის ხერხებით შექმნილი წინასაარჩევნო ხელოვნური თემა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს არც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საზღვრის თემა აზერბაიჯანთან შექმნილია წინასაარჩევნო პროპაგანდის მიზნით. რეალურად, ჩვენ რაც შევიტყვეთ, არის ის, რომ ორ დაკავებულ ექსპერტს ედავებიან საზღვრის თემაზე, რომელიც გარეჯთან საერთოდ არ არის კავშირში. ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კითხვებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გარეჯს. ეს არის პირდაპირ რუსეთის პროპაგანდის ხერხებით შექმნილი წინასაარჩევნო ხელოვნური თემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან, არც აზერბაიჯანთან ჩვენი საზღვრის პრობლემის გადაჭრასთან და რეალურად, პირიქით, ეს ყველაფერი შექმნის გრძელვადიან პრობლემებს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან და პარტნიორთან. არაერთხელ შევთავაზეთ ხელისუფლებას გარეჯის თემასთან დაკავშირებით, თუ იყო რაიმე ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მსჯელობა გამართულიყო პარლამენტში, მათ შორის დახურულ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, რაც ხელისუფლებამ არ ისურვა. ყველაფერი აჩვენებს ერთ რამეს – რუსეთის პროპაგანდის წესებით, რუსეთიდან პირდაპირ მართული და დაფინანსებული ჯგუფების ხელშეწყობით, „ქართული ოცნება“ იყენებს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დატოვე კომენტარი