სალომე სამადაშვილი - დასავლელი პარტნიორების თვალში „ქართული ოცნება" ყოველდღიურად კომიკური ხდება
სალომე სამადაშვილი - დასავლელი პარტნიორების თვალში „ქართული ოცნება" ყოველდღიურად კომიკური ხდება

დასავლელი პარტნიორები როცა ამბობენ იმას, რაც „ქართული ოცნების“ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება, მმართველი გუნდის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მათ უფლება არ აქვთ, მითითებები გასცენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორების თვალში „ქართული ოცნება” და ირაკლი კობახიძე ყოველდღიურად კომიკური ხდებიან.

„როგორც ჩანს, ახლა გადავიდნენ კომპეტენციის სფეროშიც. ირაკლი კობახიძის მიმართ კითხვა მაქვს – შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს რომ აწერდა, მაშინ არ იყო საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი? რატომ მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომელიც შემდეგ კობახიძემ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და დღეს აღმოაჩინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციური სამართლის პრინციპებს. საინტერესოა, რა შეიცვალა აპრილის შემდეგ, აპრილში იყო ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი თუ არა? თუ მას შემდეგ შეიძინა ისეთი კვალიფიკაცია, რომ დღეს საკუთარ თავს უფლებას აძლევს, ამერიკის ელჩს დაუწუნოს კომპეტენცია საკონსტიტუციო სამართლის სფეროში. მგონი, უკვე ეს ყველაფერი სასაცილოა. დასავლელი პარტნიორების თვალში „ქართული ოცნება” და ირაკლი კობახიძე ყოველდღიურად კომიკური ხდებიან. რაც სწრაფად შეცვლიან საკუთარ დამოკიდებულებას იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით რაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე აიღეს, ეს მით უკეთესია „ქართული ოცნების” ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ მათ ინტერესებშია, ის კონსტიტუციური პროექტი მიიღონ, რომელზეც შევთანხმდით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გუშინ განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს. ერთი ადამიანი, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. უფრო მეტიც, ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს“.

ამასთან, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ აღნიშნა: „მე ვარ ამ საქმის უშუალო სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი, შემიძლია, გითხრათ, რომ ორპროცენტიანი და უფრო დაბალი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანაში და სხვა არც ერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია“.