სალომე სამადაშვილი - კონგრესმენების ანგარიში არ გადაიხედება, მაგრამ კიდევ ერთხელ დაზიანდება ჩვენი ქვეყნის იმიჯი
სალომე სამადაშვილი - კონგრესმენების ანგარიში არ გადაიხედება, მაგრამ კიდევ ერთხელ დაზიანდება ჩვენი ქვეყნის იმიჯი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის ფული ვაშინგტონში ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების ლობირებისთვის იხარჯება.

სამადაშვილი გამოეხმაურა ლობისტური კომპანია Hogan Lovells-ის მიერ აშშ-ის კონგრესისთვის პარტია „ქართული ოცნების“ სახელით წერილის გაზგავნას, რომელიც 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტს ეხება.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს. დღეს მათ შორის ჩვენი ბიუჯეტის ფული, გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან ამოღებული ფული იხარჯება ვაშინგტონში ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების ლობირებისთვის.

ვაშინგტონში ლობირებაზე დღეს სქართველოს ხელისუფლებაზე მეტ სახსრებს მხოლოდ საუდის არაბეთი ხარჯავს. ახლა ვხედავთ, ეს უზარმაზარი თანხები რაში იხარჯება. რეალურად, ლობისტების საქმიანობა რომ უკავშირდებოდეს სახელმწიფო ინტერესებს, ჯერ კიდევ ამ ანგარიშის მომზადების პირობებში უნდა ემუშავათ მათ იმისთვის, რომ ამ ანგარიშში ასახულიყო ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

ამის ნაცვლად, როდესაც ამ ანგარიშში ჩაიწერა რაღაც რაც არ მოეწონა ბიძინა ივანიშვილს, ახლა მთელი ეს რესურსები არის მიმართული ამ მიმარულებით, რომ გადაიხედოს ბიძინა ივანიშვილზე ჩანაწერი. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება. არანაირი გადახედვა აღნიშნული ანგარიშის არ მოხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ დაზიანდება ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის იმიჯი ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის დედაქალაქში, რაც არის ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელი ჩვენი სტრატეგიული ინტერესებისთვის“,- აღნიშა სალომე სამადაშვილმა.