სალომე ზურაბიშვილი - ძალას არ დავიშურებ ჩემი მანდატის პერიოდში, რომ საქართველომ დაამყაროს პირდაპირი კავშირები ევროკავშირის ყველა დედაქალაქთან
სალომე ზურაბიშვილი - ძალას არ დავიშურებ ჩემი მანდატის პერიოდში, რომ საქართველომ დაამყაროს პირდაპირი კავშირები ევროკავშირის ყველა დედაქალაქთან

ძალას არ დავიშურებ ჩემი მანდატის პერიოდში, რომ  საქართველომ დაამყაროს პირდაპირი და ხშირი კავშირები, ეს იქნება კომუნიკაციებით თუ ტრანსპორტით ევროკავშირის ყველა დედაქალაქთან, რათა დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპის რუკაზე როგორც ერთ-ერთმა რიგითმა ევროპულმა ქვეყანამ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში საზეიმო მიღებისას განაცხადა, სადაც ფრანგული ავიაკომპანია „ეარფრანსისპარიზი-თბილისის პირველი პირდაპირი ავიარესით ჩამოფრინდა.

„მოხარული ვარ. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი, რომ ყოფილიყო პირდაპირი ავიახაზები პარიზსა და თბილისს შორის. ალბათ, თქვენთვისაც გასაგებია, რომ ჩემთვის ეს პირადად არის ძალიან კარგი ამბავი, ძალიან სასიხარულო, მაგრამ არა მხოლოდ ჩემთვის. ჩემსავით მთელი საქართველო დიდი ხანი, ელოდებოდა, რომ საფრანგეთის ავიახაზები შემოსულიყო თბილისში. ამ კუთხით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე.

საქართველოდან პარიზამდე სხვა კომპანიის თვითმფრინავები დაფრინავს, მაგრამ საფრანგეთის ავიახაზები ცოტა სხვა რამაა, სხვა დატვირთვა აქვს.

დღევანდელი დღე არის სიმბოლური იმ მხრივ, რომ საფრანგეთი უბრუნდება სიმბოლურად ალექსანდრე დიუმას გზას და ამითი პასუხობს საქართველოს მოლოდინს. ეს არის ახალი ეტაპი ურთიერთობაში, იმიტომ რომ ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი და ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს საფრანგეთის და საქართველოს ურთიერთობაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპაში საფრანგეთის მზად გავლენაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ეარფრანსის” საქართველოში შემოსვლა, საქართველოს ევროპასთან პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს.

„საფრანგეთის როლი დღეს ევროპაში იზრდება და ის პრაქტიკულად ხდება ევროპის მომავლის ლიდერი. ეს არის საქართველოსთვის დაბრუნება ევროპაში, ევროპასთან პირდაპირი კავშირი და ეს პირდაპირი კავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფრისთვის. მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში – რომ ვამბობთ, სწორედ ამას ვგულისხმობთ. მეტი ტურისტი, მეტი ინვესტორი, მეტი კავშირები, ეკონომიკური იქნება, პოლიტიკური, თუ კულტურული – ეს ყველაფერი შესაძლებელი არის მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს ასეთი პირდაპირი კავშირები.

მინდა, ყველას მოგილოცოთ. არ ვიცი, პირადად საქართველოს ახალი პრეზიდენტის რამე წვლილი თუ იყო ამ კავშირის დაფუძნებაში, მაგრამ შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ მე პირადად არანაირ ძალას არ დავიშურებ, რომ ჩემი მანდატის პერიოდში საქართველომ შეძლოს და დაამყაროს სწორედ ასეთი პირდაპირი და ხშირი კავშირები, ეს იქნება კომუნიკაციებით თუ ტრანსპორტით ევროკავშირის ყველა დედაქალაქთან, რათა დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპის რუკაზე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ევროპული ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა „ეარფრანსს,” რომ შემოგვიერთდა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია „ეარ ფრანსის“ (Air France) პირველი რეისი მიიღო.

დღეიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ოპერირებას იწყებს.

საინაუგურაციო რეისის პირველი მგზავრი სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო.