შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია „ეარ ფრანსის“ (Air France) პირველი რეისი მიიღო.
დღეიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ოპერირებას იწყებს.
საინაუგურაციო რეისის პირველი მგზავრი სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში საზეიმო მიღება ოფიციალური სიტყვით სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ავიაკომპანია „ეარ ფრანს – კეიელემის“ (AIR FRANCE KLM) კორპორატიული და სავაჭრო დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი სებასტიან გუიო.
მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „ტავ ჯორჯიას“ (Tav Georgia) შორის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად კი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, „ეარბას ა320“ ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება (ჩამოფრენა ოთხშაბათსა და კვირას, გაფრენა – ორშაბათსა და ხუთშაბათს).

