სალხინოს ინციდენტის მონაწილე მამა ანანია კალანდია აცხადებს, რომ დაზარალებულია, თავს შეუძლოდ გრძნობს და საავადმყოფოში გადაჰყავთ
სალხინოს ინციდენტის მონაწილე მამა ანანია კალანდია აცხადებს, რომ დაზარალებულია, თავს შეუძლოდ გრძნობს და საავადმყოფოში გადაჰყავთ

შსს-ს დიდი ჭყონის პოლიციის ქვეგანყოფილებაში მამა ანანია კალანდიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც მამა ანანიამ საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ის დაზარალებულია, თავს შეუძლოდ გრძნობს და პოლიციიდან საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მარტვილის პოლიციის სამმართველოში კი სალხინოს ინციდენტში მონაწილე სამი ახალგაზრდა მამაკაცის გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რა სტატუსით იკითხებიან ისინი.

სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დღეს ხმაური იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. ბიზნესმენის გამოჩენას გაღიზიანება მოჰყვა სასულიერო პირების მხრიდან, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ტაძრის ეზოში იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.