საკონსტიტუციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სარჩელი არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლოს პლენუმმა დღეს გამოაცხადა.

მოსარჩელე მხარე ითხოვდა, არაკონსტიტუციურად გამოცხადებულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი.

სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ მოქმედი წესით კანდიდატები შეირჩევიან ფარული კენჭისყრით და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონი არ ავალდებულებს, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, თუ რის საფუძველზე მოხდა ამა თუ იმ კანდიდატის შერჩევა, რაც, მოსარჩელის განმარტებით, შესაძლებელს ხდის, შეირჩენ ისეთი კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის მოსაზრებები და განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევა არ წარმოადგენს კონკურსს, კონსტიტუციის მოთხოვნა კი არის არა საუკეთესო, არამედ იმ კანდიდატების შერჩევა, რომელიც აკმაყოფილებს კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, აქვს საშუალება, კანდიდატთა შერჩევის პროცესში მხოლოდ კონსტიტუციის მოთხოვნებით იხელმძღვანელოს.

სასამართლომ განმარტა, რომ კანდიდატთა შერჩევის რამდენიმე ეტაპის არსებობა და ყველა ეტაპზე კანდიდატთა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ინდივიდუალური შეფასება, უზრუნველყოფს სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები არ საბუთდება, რადგან იგი წარმოადგენს კოლეგიალურ ორგანოს.