სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ

უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ ოჯახს მიაწოდა ინფორმაცია იმ მექანიზმებთან დაკავშირებით, რასაც ცენტრალური ხელისუფლება ზაზა გახელაძის დაკავების დღიდან იყენებს.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.

„დღევანდელი ანტიჰუმანური და უკანონო ე.წ. გადაწყვეტილება წარმოადგენს იმ დანაშაულებრივი პრაქტიკის თვალსაჩინო მაგალითს, რასაც წლების მანძილზე ამკვიდრებენ საოკუპაციო ძალები. ეს არის უკიდურესად ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი ქმედება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიცია დანაშაულებრივ პრაქტიკასთან დაკავშირებით. გვსურს, დაგარწმუნოთ, რომ ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შესაბამის მხარეზე განხორციელდეს ადეკვატური ზეწოდა და უკანონო პატიმარი დაუბრუნდეს თავის ოჯახს. რიგ შემთხვევებში პროცესები ვითარდება არა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ ეს არის მოცემულობა. საერთაშორისო ფორმატები, მოლაპარაკებების მექანიზმები –  ჩვენ ყველა ბერკეტს ვიყენებთ“, – განაცხადა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

როგორც ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური ამბობს, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„12 წელი და 6 თვე მისცეს ჩემს უდანაშაულო შვილს. უკვე შვიდი თვე ხდება, ისედაც იქ ზის. კაცი არ მოუკლავს, არანაირი საზღვარი არ არსებობს იქ, რომ გადაეკვეთა. თავისი გაფორმებული იარაღი ჰქონდა, არავინ დაუჭრია და არავინ მოუკლავს. რას ედავებიან, არ ვიცი. გვაიმედებენ, რომ ყველა ბერკეტს ავამუშავებთ, რომ ზაზა მალე დაუბრუნდეს ოჯახსო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მალე იქნება ეს დრო.  კიდევ რამდენი „მალე“ იქნება, არ ვიცი. ჩემი შვილი იქ როგორ იქნება, არ ვიცი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ვიცი“,- აღნიშნა ნანა ბუნტურმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

დატოვე კომენტარი