სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) მოუწოდებს ყველას, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

როგორც პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – განუცხადეს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.