სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ზაფხულიდან ახალი დიზაინის პირადობის მოწმობების გაცემა იგეგმება, რომელიც უფრო უსაფრთხო და დაცული იქნება გაყალბებისგან
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ზაფხულიდან ახალი დიზაინის პირადობის მოწმობების გაცემა იგეგმება.
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ განაცხადა, ახალი თაობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უფრო უსაფრთხო და დაცული იქნება გაყალბებისგან.
„იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია, რომ მის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი და სამგზავრო დოკუმენტები იყოს უსაფრთხო და გაყალბებისგან დაცული. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო უკვე 2010-2011 წლებიდან გასცემს ბიომეტრიულ პასპორტებსა და პირადობების ელექტრონულ მოწმობებს, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბოლო პერიოდში განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადდეს მსგავსი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები. ამისათვის მრავალეტაპიანი სატენდერო პროცედურების ფარგლებში შეირჩა გერმანული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე, ახალი თაობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დიზაინის შექმნას და მათ დამზადებას.
სააგენტო უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყებს ახალი თაობის დოკუმენტების გაცემას, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო და დაცული გაყალბებისგან. მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვადიან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებსა და პასპორტს, არ იქნებიან ვალდებული, ჩაანაცვლონ ეს დოკუმენტები, ვიდრე მათი ვადა არ ამოიწურება, ასევე არ იგეგმება საფასურის ზრდა. სააგენტო გეგმავს, ზაფხულიდან დაიწყოს ახალი თაობის პირადობის მოწმობების გაცემა და შემდეგ უკვე ბიომეტრიული პასპორტების გაცემაც. მასზე არის ბევრი სიახლე, პირველ რიგში, ეს ეხება დამცავ ნიშნებს, კიდევ უფრო დაცული არის აღნიშნული დოკუმენტები. ასევე, მასზე დატანილი იქნება QR კოდი, რაც არის სიახლე აღნიშნული დოკუმენტისთვის“, – განაცხადა რუსუდან კოხოძემ.