სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.

სააგენტოს ინფორმაციით, უწყებას ზურაბ სანიკიძე უხელმძღვანელებს, რომელიც პროფესიით იურისტია.

სააგენტოს ინფორმაციით, სანიკიძე 2015 წლის იანვრიდან 2019 წლის 12 აგვისტომდე იყო იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი; 2010-2014 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მრჩევლად, ხოლო შემდეგ – დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;  2012 წელს მუშაობდა ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს სააპელაციო ინსტანციაში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სოსო გიორგაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას კი, აქამდე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე მიხეილ კაპანაძე ასრულებდა.