სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - ინსპექტორი მოკლებულია შესაძლებლობას, პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეზე პარალელური გამოძიება აწარმოოს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - ინსპექტორი მოკლებულია შესაძლებლობას, პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეზე პარალელური გამოძიება აწარმოოს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უპასუხეს პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ მოთხოვნას, რომ ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმე ინსპექტორმა გამოიძიოს.

ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, რომ პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია რამდენიმე მუხლით, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე მუხლს.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ინსპექტორი მოკლებულია შესაძლებლობას, აწარმოოს პარალელური გამოძიება პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეზე.

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა. პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია რამდენიმე მუხლით, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე მუხლს. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, აწარმოოს პარალელური გამოძიება პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეზე. რაც შეეხება საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაქვემდებარებას, საქართველოს კანონმდებლობით ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურას“,- აცხადებენ სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურში.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორმა გამოიძიოს.

პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულებრივი სისტემა წინა ხელისუფლებიდან გადმოიბარა და სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის დამალვა ან შედარებით მსუბუქი მუხლით გამოძიება ხდება.

ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს.