„ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოიძიოს
„ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოიძიოს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორმა გამოიძიოს.

პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულებრივი სისტემა წინა ხელისუფლებიდან გადმოიბარა და

სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის დამალვა ან შედარებით მსუბუქი მუხლით გამოძიება ხდება.

ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს, რადგან სახეზეა აშკარაა წამების ნიშნები, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

„კვალიფიკაცია, რომელიც პროკურატურამ ამ დანაშაულს მისცა, არის გაცილებით უფრო მსუბუქი, ვიდრე სინამდვილეშია მომხდარი.სწორი კვალიფიკაცია რომ მიეცეს ამ საქმეს, ამას უნდა იძიებდეს არა პროკურატურა, არამედ სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ  საქმის გამოძიება დაიწყოს დამოუკიდებელმა უწყებამ და დაადასტუროს, რომ ის ნამდვილად არის დამოუკიდებელი, არ არის კიდევ ერთი ბუტაფორიული ინსტიტუტი „ქართული ოცნების“ ხელში“ ,- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, კახა კოჟორიძის განცხადებით, ახალი კანონის შესაბამისად, ამ შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა არ უნდა იძიებდეს.

„ჩვენ ვსვამთ ძალიან მარტივ კითხვას, არის თუ არა ჩადენილ ქმედებაში ისეთი მძიმე დანაშაულის ნიშნები და არის თუ არა ეს ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, ვის ჩადენილ დანაშაულებსაც უნდა სწავლობდეს ახალი კანონის თანახმად სახელმწიფგო ინსპექტორის სამსახური, თუ ეს ასეა, და ეს ნამდვილად ასეა, მაშინ რატომ იძიებს ამ საქმეს პროკურატურა და რატომ არ იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“ ,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეეფარდა.