სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - ოკუპაციის პირობებში საქართველო განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - ოკუპაციის პირობებში საქართველო განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას

ოკუპაციის პირობებში საქართველო მაინც განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰიზერ ნაუერტმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრაზე საუბრით დაიწყო.

„მსურს ბრიფინგი დავიწყო სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციით. დღეს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა. ათი წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და აგრძელებს მისი რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და მისი მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ადგილი აქვს ადამიანების მკვლელობებს, გატაცებებს და სხვა სამართალდარღვევებს, საქართველო მაინც განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით.

„ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები გვერდიგვერდ იბრძვიან ავღანეთში, სადაც ამ ქვეყნის მონაწილეობა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის. ჩვენ სულმოუთქმელად ველით, რომ ერთ დღეს საქართველოს ნატო-ში ვიხილავთ. შეერთებული შტატები აგრძელებს ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის ხელშეწყობას სამართლის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული მმართველობის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ და მაიკ პომპეომ აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს.

დატოვე კომენტარი