სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირების ძებნას
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირების ძებნას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია დასახელებული, სადაც ფულის გათეთრება ხდებოდა.

„საქართველოში არალეგალური შემოსავლის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საბანკო თაღლითობას, კიბერდანაშაულს, თანხების უკანონო მითვისებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ პარალელური ფინანსური გამოძიების ჩატარება დაიწყო ნარკოდანაშაულის საქმეებზე, მცირეა მყარი მტკიცებულებები იმის ვარაუდისთვის, რომ ნარკოვაჭრობიდან მიღებული არალეგალური შემოსავლის მნიშვნელოვანი მოცულობა თეთრდება ოფიციალური ფინანსური სისტემის გავლით. თუმცა, რადგან საქართველო მდებარეობს კონტრაბანდისთვის მნიშვნელოვან და კარგად ჩამოყალიბებულ დერეფანში, დიდი ალბათობით, ნაღდი ფულის კონტრაბანდა და ფულის გათეთრება ხდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები საქართველოს მთავრობის კონტროლის ფარგლებს გარეთაა და მონიტორინგს არ ექვემდებარება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პროკურატურამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირების ძებნას.

„საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ ტაქტიკური მიდგომა შესაბამის ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გააქტიურებისთვის, გააერთიანოს სადაზვერვო მონაცემები და რესურსები ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები სათამაშო ინდუსტრიის კონტროლისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.