სახალხო დამცველის რწმუნებული აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხვალიდან ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება
სახალხო დამცველის რწმუნებული აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხვალიდან ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება

სახალხო დამცველის რწმუნებული საბა ბრაჭველი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხვალიდან ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება.

როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმი ახლანდელი მკურნალი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებიდან გამომდინარე შეიცვალა.

მისივე თქმით, დღეს ჰოსპიტალში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში ჩანაწერის მიხედვით, გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ და შევხვდეთ თავისუფლებააღკვეთილ პირს დახურულ დაწესებულებაში; ამჟამად სააკაშვილი მოთავსებულია ჰოსპიტალში, თუმცა მასზე ვრცელდება ყველა ის წესი, რომელიც ვრცელდება სხვა პატიმრებზე. ამას აუცილებლად უნდა მოყვეს სამართლებრივი რეაგირება. გუშინ, თავად პატიმრის განცხადებით, იყო არასათანადო მოპყრობის ერთ-ერთ ფაქტი, გვინდოდა ამაზე დამატებითი მტკიცებულების მოპოვება. ჩვენი არშეშვება აჩენს კითხვის ნიშნებს, ხომ არ დამძიმებულა მდგომარეობა ან ხომ არ აქვს რამე ისეთ შეზღუდვას ადგილი, რომლის შესახებაც საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია. გვითხრეს, რომ ამჟამად პაციენტს რეანიმატოლოგი მეთვალყურეობს, რეანიმატოლოგთან შეხვედრაზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს, არც დოკუმენტაციას გაგვაცნეს და არც პატიმარს შეგვახვედრეს“, – აღნიშნა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

გორის ჰოსპიტალის დირექტორმა დღეს განაცხადა, რომ ჰოსპიტალში ვიზიტორების შესვლა 16:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.