სახალხო დამცველის მოადგილე - პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზნით უახლოეს დღეებში მივმართავთ 
სახალხო დამცველის მოადგილე - პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზნით უახლოეს დღეებში მივმართავთ 

პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზნით უახლოეს დღეებში მივმართავთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყო და ჯერჯერობით ადმინისტრაციისგან ოფიციალურად ინფორმაცია არ მიუღია.

„გუშინ ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რომლის მთავარი ლეიტმოტივი იყო, რომ როცა საქმე ეხება სიცოცხლის უფლებას, პირის გარდაცვალებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროსაბჭოს უამრავი ინსტიტუციის მოთხოვნა არის, რომ ადეკვატური სანქცია  იყოს გამოყენებული, ანუ შეეფარდოს ადეკვატური სანქცია და მოხდეს მისი ჯეროვნად აღსრულება. ამ შემთხვევაში, სწრაფად გამოყენებული შეწყალებით ბუნებრივია კითხვის ნიშნები ჩნდება სიცოცხლის უფლების პროცედურულ ასპექტთან დაკავშირებით.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან ფრთხილად უნდა იყოს მიღებული, ამიტომ მოუწოდეს პრეზიდენტს,  წარმოედგინა დასაბუთება, რატომ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. ასევე მოვუწოდებთ მას, რომ მკაფიო რეგულაცია იქნას განსაზღვრული, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება მორატორიუმის გამოცხადებას მსჯავრდებულთა შეწყალებაზე, სახალხო დამცველის მოადგილის განცხადებით, ეს ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტის მისაღები გადაწყვეტილებაა.

პენიტენციურ დაწესებულებებში შეწყალებას ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება, გარკვეული პროცედურული ხარვეზების გამო, ის, ვინც მართლა შეიძლება იმსახურებდეს შეწყალებას, კარგი იქნებ,  რომ ასე არ დარჩეს, მაგრამ ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის მიმართ ამ ტიპის მოწოდება, მხოლოდ სურვილის გამოხატვა იქნება, რადგან შეწყალების აქტის მიღება პრეზიდენტის პრეროგატივაა და ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში სამართლებრივი არგუმენტი ვერ გვექნება, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს ან არ გამოიყენოს ეს უფლება“, – აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

დატოვე კომენტარი