სახალხო დამცველის მოადგილე - მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ თამთა დემურიშვილთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო საკვები დანამატი, როგორც ერთ-ერთი პრეპარატის ალტერნატივა
სახალხო დამცველის მოადგილე - მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ თამთა დემურიშვილთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო საკვები დანამატი, როგორც ერთ-ერთი პრეპარატის ალტერნატივა

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი, რომელიც მიიღო ექიმთა თხოვნით, მან მიიღო, როგორც მედიკამენტის შემცვლელი და სამკურნალო, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

სახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა ომბუდსმენის წარმომადგენლის ნახვის სურვილი.

„უკმაყოფილო იყო იმ განცხადებებით და ინფორმაციით, რომელიც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა; ის აღნიშნავდა, რომ სურათები, რომელიც დაიდო, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, მას თვალით არ უნახავს და არც იცის, სავარაუდოდ სად არის გადაღებული. აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი, რომელიც მიიღო, მიიღო ექიმთა თხოვნით, როგორც გარკვეული პრეპარატის და მედიკამენტის შემცვლელი და ამ თვალსაზრისით, იღებდა ამას, როგორც სამკურნალოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გიორგი ბურჯანაძის თქმით, ამ ეტაპზე, პატიმარს შეწყვეტილი და შეჩერებული აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღება.

„თავად აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რაც მან მიიღო რამდენიმე მილიგრამის და მცირე ოდენობის სახით – მისი მიღება მას სთხოვეს ექიმებმა, როგორც ალტერნატიული საშუალება მედიკამენტის. გარკვეული მედიკამენტები იწვევს, როგორც ვიცით, კუჭის გაღიზიანებას, ა.შ. და გარკვეული პარამეტრების შენარჩუნების თვალსაზრისით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაცია იყო მის მიმართ, რომ მომხდარიყო ამ დანამატებით ჩანაცვლება, ისიც ძალიან მცირე, საუბარია მილიგრამებით ულუფებზე და ისიც ერთეულ შემთხვევებში“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილე ასევე ამბობს, რომ გავრცელებული ვიდეო სამედიცინო სივრცეშია გადაღებული. გიორგი ბურჯანაძის თქმით, სამედიცინო ჩანაწერებით დასტურდება, რომ სააკაშვილი ერთეულ და მილიგრამ შემთხვევებში იღებდა დანამატებს.

„როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, თამთა დემურიშვილთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო მან რამდენიმე დღის წინ ამ ტიპის საკვები დანამატი, როგორც ერთ-ერთი პრეპარატის ალტერნატივა. ის ასევე საუბრობს, რომ შეთავაზება იყო უფრო მეტი, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

გიორგი ბურჯანაძე ასევე აცხადებს, რომ დოკუმენტურად, იურიდიულად მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა გრძელდება და არანაირი ცვლილება არ არის.

ამასთან, სახალხო დამცველის მოადგილემ მედიას უთხრა, რომ მისასალმებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების საკითხის შესწავლის დაწყება.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელზეც, მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა აღბეჭდილი. უწყება ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა.