პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელზეც, მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა აღბეჭდილი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს.

როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიდეომასალა ასახავს, როგორ იღებს პატიმარი სააკაშვილი საკვებსა და ნატურალურ წვენებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს, როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ კადრები პირველ, 2 და 3 ნოემბერს არის გადაღებული.

განცხადება მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გუშინ გააკეთა.

„მიხეილ სააკაშვილი ფაფებს, ნატურალურ წვენებს ახლაც ღებულობს, რასაც ვამბობთ, ამას ამყარებს მტკიცებულებები. ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც ღებულობს პატიმარი“, – განაცხადა ბრეგაძემ.