სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

ლომჯარია აცხადებს, რომ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.

„მაინტერესებდა დაკავების პირობები, ხომ არ იყო გადამეტების ფაქტი, ხომ არ ჰქონდა დაზიანება. ის დღეს დააკავეს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, იმყოფებოდა მარტო. არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, არ ყოფილა გამოყენებული ძალა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარია ასევე აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ეთანხმება მსჯავრს და თავს მიიჩნევს პოლიტპატიმრად.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ცოტა ხნის წინ, შსს-მ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა.

დატოვე კომენტარი