სახალხო დამცველი - ნინო გოგორიშვილთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ საუბარზე უარი განაცხადა, სავარაუდოდ ემოციური მდგომარეობის გამო ზარებზე პასუხი არ სურდა
სახალხო დამცველი - ნინო გოგორიშვილთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ საუბარზე უარი განაცხადა, სავარაუდოდ ემოციური მდგომარეობის გამო ზარებზე პასუხი არ სურდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან ნინო გოგორიშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა კომუნიკაცია ვერ შედგა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ასევე სურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სხვა მკურნალ ექიმებს შეხვედროდა, თუმცა მათგან შეხვედრაზე უარი მიიღო.

„გუშინ ჩავედით გორის ჰოსპიტალში. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ შევხვედროდით ქალბატონ ნინოს და სხვა მკურნალ ექიმებს თუ მორიგე ექიმებსაც, რაზეც მივიღეთ უარყოფითი პასუხი. რა თქმა უნდა, ესეც იყო ჩვენი იქ ჩასვლის მიზანი. ეს ექიმები ჩვენი პირველი ვიზიტის დროს იყვნენ ძალიან კოლეგიალურები, თანამშრომლობაზე ორიენტირებულები და გვქონდა იგივე მოლოდინი, თუმცა გუშინ ეს კომუნიკაცია არ შედგა.

გვქონდა მცდელობა ქალბატონ ნინოსთან დაკავშირებისაც, მაგრამ მან უარი განაცხადა ჩვენთან საუბარზე, ამიტომ კიდევ ერთხელ გვექნება ჩვენი მხრიდან მცდელობა. მან სავარაუდოდ უარი გვითხრა, რადგან ისეთი ემოციური მდგომარეობა ჰქონდა, რომ არ სურდა ზარებზე პასუხი და რამდენიმე მცდელობის შემდეგ უბრალოდ გათიშა ტელეფონი. თუ ექნება მას საშუალება, გაგვესაუბროს, რა თქმა უნდა, მზად ვართ, გავესაუბროთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გუშინ  განაცხადა, რომ უშუალოდ სააკაშვილის მკურნალი ექიმის მიერ არის დადასტურებული წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი.

ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა ნიკა გვარამია შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. ნინო გოგორიშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მიერ ნაწილობრივ ფაქტების ინტერპრეტაცია მოხდა.