ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სრული ფსიქორეაბილიტაციისთვის უკრაინაში ან მესამე ქვეყანაში უნდა იყოს გადაყვანილი
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სრული ფსიქორეაბილიტაციისთვის უკრაინაში ან მესამე ქვეყანაში უნდა იყოს გადაყვანილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, უშუალოდ სააკაშვილის მკურნალი ექიმის მიერ არის დადასტურებული წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი.

„მკურნალი ექიმის პოზიციაა, რომ შემთხვევა ჰქონდა წამების შემდგომ სტრესულ მდგომარეობას, რომ მისი რეაბლიტაცია საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლების პირობებში. თუ თავისუფლების პირობებში ეს არ მოხდება, მაშინ რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა. ასევე, ის აღიარებს, რომ გადაყვანასთან დაკავშირებით დასკვნა არ იყო შეთანხმებული, წინასწარ იცოდა კონსილიუმმა, რომ გადაყვანის საკითხი დადგებოდაო, მაგრამ უშუალოდ ეს შემთხვევა, რომ ფორმა ასი დაიწერა და უკვე გადაგვყავს დღეს, სახელმწიფო კონსილიუმისთვის ცნობილი არ იყოო. ფსიქონევროლოგიური სტატუსის გარეშე, მხოლოდ ანალიზებით დაიწერა ფორმა ასი. აქვე, ექიმი გვეუბნება, რომ საერთოდ შეუძლებელია რეაბილიტაცია აქაც კიო, და რუსთავის ციხეში როგორაა რეაბილიტაცია და როგორ მოაწერა მაშინ ხელი მის გადაყვანას, გამოუცნობელი რჩება. მნიშვნელოვანი საკითხია, რატომ არ ჩამოვიდა სახელმწიფო კონსილიუმის ნევროლოგი. პარალელურად, ლომჯარიას ნევროლოგის ჩამოსვლა ითხოვა და ორივეს პასუხი აქვს გასაცემი. ლომჯარიას ნევროლოგი ინტერესთა კონფლიქტის გამო არ ჩამოვიდა, რადგან საექსპერტო ჯგუფის წევრია, მაგრამ კონსილიუმის წევრი რა უფლებით არ ჩამოვიდა, ჩემთვის გაურკვეველია. უშუალოდ მკურნალი ექიმის მიერ არის დადასტურებული წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „აუტანლად მძიმე სანახავია“. „მისი ასეთი ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა არ მინახავს“, – დასძინა ნიკა გვარამიამ.

აგრეთვე, გვარამიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძალადობით მოხსნეს საათი, რითაც წამების ახალი ფაქტი დგება.

„ვითხოვთ უწყვეტი კადრების ამოღებას. იძულებით გაყავდათ ოთახიდან, როცა ძალიან ცუდად გახდა, იძულებული გახდნენ, დაებრუნებინათ ლოგინში. მეორე, დგება წამების ახალი ფაქტი, ექვსი ადამიანი შევიდა და საწოლში ძალადობით თავს დაესხნენ, გაკოჭეს, ვიღაცამ ყელში წაუჭირა ხელი და მოხსნეს საათი. პლასტიკის საათია და არანაირ კანონდარღვევას არ წარმოადგენს. ადგილი არ ჰქონია გონების დაკარგვას, იყო რამდენიმე საათიანი მეხსიერების ჩავარდნა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვიდრე გორის ჰოსპიტალში იქნება, შიმშილობის დაწყებას არ აპირებს.

„იყო საუბარი შიმშილობაზე, ის აქამდე არ იღებდა საჭმელს, ჩაის სვამდა და ა.შ. ჩემი პირადი კატეგორიული მოთხოვნა იყო და ოჯახის, მეგობრების მხრიდანაც გადავეცი, რომ არ არის დასაშვები, ის დამეთანხმა, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ. იგი არ აპირებს შიმშილობას, ვიდრე აქ იმყოფება. თუმცა, პირველივე ასეთი შემთხვევის განმეორების შემთხვევაში, შიმშილობა დაიწყება, ამას ვერაფერს ვეღარ ვუზამთ“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი სრული ფსიქორეაბილიტაციისთვის უკრაინაში ან მესამე ქვეყანაში უნდა იყოს გადაყვანილი.

„პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, იგი გადაყვანილი იქნას, როგორც მისივე ექიმი წერს, თავისუფლების პირობებში ის აქ ვერ იქნება ვერსად გადაყვანილი, კვალიფიკაციურ კლინიკაშიც აზრი არ აქვს, გადაყვანილი უნდა იქნას უკრაინაში ან მესამე ქვეყანაში სრული ფსიქორეაბილიტაციისთვის. როგორ გააკეთებს ამას, ამაზე უნდა იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ ამას აუცილებლად ვეცდებით და მივაღწევთ კიდეც“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.