სახალხო დამცველი აცხადებს, რომ წლიურ ანგარიშში არის რამდენიმე გახმაურებული საქმე, რომელთა ირგვლივ შეინიშნება არაეფექტიანი გამოძიება
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ წლიურ ანგარიშში არის რამდენიმე გახმაურებული საქმე, რომელთა ირგვლივ შეინიშნება არაეფექტიანი გამოძიება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიშში მოხვდა რამდენიმე გახმაურებული საქმე, რომელთა ირგვლივ შეინიშნება არაეფექტიანი გამოძიება.

ანგარიშში საუბარია არასრულწლოვან ლუკა სირაძის საქმეზე, რომელზეც ომბუდსმენის განცხადებით, პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადება არ გაიზიარა.

„ლუკა სირაძის საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისგებაში მიეცა პოლიციის ერთი თანამშრომელი, სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს, რომელიც შესაძლოა სხვა პირთა დამნაშავეობაზე მიუთითებდეს. საქმის მასალებით პირველ რიგში იკვეთება, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ცდილობდა მოწმეებზე ზემოქმედებას, რათა მათ ამ პოლიციელის სასარგებლო ჩვენება მიეცათ. ასევე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა, მაშინ როცა პირველადი ჩვენებით სხვა პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხიც დგებოდა დღის წესრიგში. აღნიშნული გარემოებების შესწავლისა და გამოძიების დაწყების მიზნით სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას მიმართა, რომელმაც წინადადება არ გაიზიარა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, 2020 წელს განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო თემურ აბაზოვის საქმე, რომელსაც ბრალი ედებოდა პირის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებასა და ამ ქმედების ამსახველი კადრების საჯარო გავრცელების ორგანიზებაში.

„პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი ორი მძიმე ბრალიდან ერთი (კადრების გავრცელების ორგანიზება) დაუსაბუთებელად მოხსნა, რითიც სასამართლოს წაართვა ერთ-ერთ დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა და ფაქტობრივად ხელი შეუწყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას“, – განაცხადა ნინო ლომარიამ.

მისივე განცხადებით, საანგარიშო პერიოდში აღსანიშნავია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიების ხარვეზები.

„გამოძიების საწყის ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ აღმოფხვრა, თუმცა, გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან საქმის მონაწილე პირების შესაძლო უფლების დარღვევის ფაქტები. ასევე საგულისხმოა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, სადაც გამოძიების მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა მთელი რიგი საკითხები. რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს, საქმის ფარგლებში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმება კვლავ არ დასრულებულა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში შესწავლილ საქმეებს, ომბუდსმენის ანგარიშში ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და ტელეკომპანია „მთავარის“ მეწილის, გიორგი რურუას, ასევე დავით გარეჯის საქმეები მოხვდა.

„მიმოხილული გვაქვს საქმეები, სადაც მართლმსაჯულების პროცესი არსებითი ხარვეზებით მიმდინარეობდა/მიმდინარეობს, მათ შორისაა ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე ჩატარებული გამოძიება, რომელიც უჩვეულოდ დიდი დროით გაჭიანურდა და შეუსაბამო კვალიფიკაციით წარიმართა, რამაც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალა და საბოლოოდ საქმის ფიგურანტი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენით დასრულდა; ანგარიშში შეფასებულია გიორგი რურუას დაცვის უფლების დარღვევისა და ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტები. ასევე წარმოდგენილია ე.წ. კარტოგრაფების საქმეში იდენტიფიცირებული ხარვეზები – კანონიერების პრინციპის ხელყოფის პრობლემა და მართლმსაჯულების პოლიტიკური ან სხვა მიზნებით გამოყენების რისკი“, – განაცხადა ლომჯარიამ.