საია - კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ დღის 14:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო.
საია-ში აცხადებენ, რომ ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება.
„ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეოკადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს. მართალია, არცერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები“, – აცხადებენ საია-ში.
კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ კოორდინატორებს საარჩევნო უბნებზე ყოფნის კანონიერი უფლება აქვთ. კახა კალაძემ კოორდინატორებს მიმართა, ნუ შეეშინდებათ კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტების.