საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებაზე მოლაპარაკებები არც ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებაზე მოლაპარაკებები არც ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არც ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ და არ ვადასტურებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამ საკითხზე უკრაინულ მხარესთან დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებაზე მოლაპარაკებები არც ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსანდრე კოვალჩუკმა დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა თავის მოქალაქეებს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ ტოვებს.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი უვნებლად დავაბრუნოთ უკრაინაში, გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილია“, – განაცხადა რადას დეპუტატმა.

კითხვაზე, გრძელდება თუ არა უკრაინასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები და ამჟამად რა ეტაპზეა, დეპუტატმა განაცხადა, რომ „მოლაპარაკებების გარკვეული ნაწილი არ საჯაროვდება“.

„მოლაპარაკებები არ არის ღია. მათი გარკვეული ნაწილი საჯაროვდება, თუმცა ძირითადი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, არასაჯაროდ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საქართველოში უკრაინის პარლამენტისგან გამოიგზავნება წერილი, სადაც მკაფიოდ იქნება გამოთქმული პოზიცია.