საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავთან დაკავშირებულ დადგენილების პროექტს განიხილავენ
საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავთან დაკავშირებულ დადგენილების პროექტს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების დღევანდელ სხდომებზე „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით“ დადგენილების პროექტს განიხილავენ.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოს სურვილია, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამომავლო ხედვების ფორმირებაში, რომელიც ევროკავშირში სწორედ ახლა მიმდინარეობს, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მისწრაფებების მაქსიმალური გათვალისწინება მოხდეს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. ეს გამოიხატებოდა ევროკავშირთან პოლიტიკურ დაახლოებაში, რასაც საფუძველი შეუქმნა ასოცირების შეთანხმებამ, რომელიც უკვე 2014 წელს იქნა ხელმოწერილი. ასევე, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროკავშირთან და ამავე დროს, სულ ორწელიწად-ნახევარია, რაც ჩვენი მოქალაქეები ასევე უვიზოდ გადაადგილდებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს მართლაც არის ძალიან დიდი შედეგები. ჩვენ შეიძლება, მთლიანად ვერ ვაცნობიერებდეთ ამის მნიშვნელობას, მაგრამ მე მახსოვს, რომ ათი წლის წინ წარმოუდგენელიც კი იყო ამ შედეგებზე ფიქრი. ევროკავშირიც ფიქრობს, რა შეიძლება, იყოს შემდეგი წლების განმავლობაში პრიორიტეტული მიმართულებები. საქართველოს პარლამენტი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

​საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის შემდეგ, დეპუტატები დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.