საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ხელოვნურად ეზღუდებათ
საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ხელოვნურად ეზღუდებათ

ვიდეომასალების გავრცელებამ, რომელშიც ცალკეული მოქალაქეები საუბრობენ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცესისა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების ხელოვნურ შეზღუდვაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, სოციალურ ქსელებსა თუ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება საკონსულოებში შექმნილი პრობლემების გამო ეზღუდებათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ხათუნა თოთლაძემ დღეს კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსულოების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა საშუალებით ცდილობს, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია და პრობლემების გარეშე შეძლონ არჩევნებისთვის დარეგისტრირება.

„ბოლო პერიოდში აქტიური ხასიათი მიიღო სოცილურ ქსელებში ცალკეული პირების მხრიდან ცრუ ინფორმაციის, კომენტარების, ვიდეომასალების გავრცელებამ, რომელშიც ცალკეული მოქალაქეები საუბრობენ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცესისა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების ხელოვნურ შეზღუდვაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით სწავლობს ყველა ასეთ ინფორმაციას. შედეგად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი ინფორმაციების მომრავლება ატარებს ერთგვარ ტენდენციურ ხასიათს და აშკარაა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას.

თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ რამდენიმე ასეთ ფაქტზე: საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ შვედეთში უკვე უპასუხა მსგავსი სახის პროვოკაციულ ქმედებას. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა შვედეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის მიერ არასწორ მისამართზე გადაღებული ვიდეო, რომლის ავტორიც ირწმუნებოდა, რომ საელჩო სამუშაო საათებში დაკეტილია და იგი ვერ ახერხებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას.

აღმოჩნდა, რომ ვიდეო შეგნებულად იყო გადაღებული საელჩოს შენობის სხვა სართულზე, მოცემული მოქალაქე კი უკვე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე. საელჩოს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა მედიასაშუალებებს, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თუმცა ტელეკომპანიამ აღარ გააშუქა საელჩოს გამოხმაურება“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა კიდევ ერთ შემთხვევაზე. კერძოდ, მისი თქმით, სოციალურ ქსელში აქტიურად ტრიალებს ვიდეორგოლი თურქეთის ქალაქ იზმირიდან. როგორც ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, ვიდეომასალაში თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ საკონსულო დაწესებულება დაკეტილია.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, იზმირში საქართველოს არ ჰყავს საკონსულო წარმომადგენლობა, ვიდეოში მითითებული შენობა კი არის იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის პირადი საცხოვრებელი სახლი.

ამასთან, თოთლაძის თქმით, საპატიო კონსული არ ასრულებს საკონსულო ფუნქციებს და საქართველოში აქამდე ჩატარებული არც ერთი არჩევნების დროს იზმირში საარჩევნო უბანი არ ყოფილა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვას 11 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ.