საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვას 11 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვას 11 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად საკონსულო აღრიცხვას 2018 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობაა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მიმდინარე წლის 7 ნოემბრის #52 დადგენილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვის ბოლო ვადად 2018 წლის 11 ნოემბერი (მუხლი 1. მე-3 ნაწილი) განისაზღვრა.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საარჩევნო სიებში რეგისტრაციისა და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობაა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

მოქალაქეებმა საკონსულო აღრიცხვის თხოვნით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით, უნდა მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ელექტრონულად (ონ-ლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის (https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit) მეშვეობით.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ონლაინ რეჟიმში 4000-მდე მოქალაქე დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო მათთვის, ვისაც აღნიშნულ პროცესში ესაჭიროება ტექნიკური დახმარება, ყველა საკონსულო დაწესებულებაში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი (http://www.mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx),
სადაც მოქალაქეები ინდივიდუალურად მიიღებენ საჭირო დახმარებას.

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულო დაწესებულებები/დიპლომატიური წარმომადგენლობები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს არასამუშაო დღეებში მოქალაქეთა მომსახურების მათ შორის საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის განხორციელებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.