საგარეჯოში მოედანი თოვლისგან ვერ გაწმინდეს და თამაში გადაიდო #1TVSPORT
საგარეჯოში მოედანი თოვლისგან ვერ გაწმინდეს და თამაში გადაიდო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის სამი შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი გადაიდო, დანარჩენ ორში კი გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

ბოლნისში „თამაზ სტეფანია – არენაზე“ „სიონმა“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლებიდან გოლები ბიძინა მახარობლიძის (16) და გიორგი კორიფაძის (38) ანგარიშზეა, ხოლო ზუგდიდელებიდან გიორგი კაშიამ (68) გაიტანა.

„მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ მარტვილის „მერანმა“ თბილისის „მერანი“ მიიღო და 2:0 სძლია. ანგარიში 46-ე წუთზე შეიკნე სილამ გახსნა, ხოლო 74-ე წუთზე თავი ზვიად სიხარულიამ გამოიჩინა.

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე „გარეჯს“ „რუსთავისთვის“ უნდა ემასპინძლა, მაგრამ მატჩი გადაიდო. მიზეზი ის იყო, რომ მოედანი თოვლით იყო დაფარული და მოედნის გაწმენდა ვერ მოხერხდა. ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის ცნობით, მატჩი 18 მარტისთვის გადაიდო.