საგარეჯოში მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე რჩება
საგარეჯოში მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე რჩება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მეუღლის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პაციენტი ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. ექიმების ცნობით, პაციენტს თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა შეყვანისთანავე მძიმე იყო. მას თავის არეში მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

სოფელ ყანდაურაში მეუღლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 76 წლის ქალი საგარეჯოს კლინიკიდან თბილისში, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გუშინ გადმოიყვანეს.

სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი, დაჭრა. მამაკაცი დაკავებულია. ომარ გამყრელიძეს საგარეჯოს პოლიციაში ბრალს დღეს წარუდგენენ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.