საგარეჯოს მერი სოფელ გომბორში აქციის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ
საგარეჯოს მერი სოფელ გომბორში აქციის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ებროწონაშვილი სოფელ გომბორში აქციის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.

გიორგი ერბოწონაშვილი მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. მერის თქმით, სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალებისა და სათავე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაციის ტენდერი სამჯერ ჩავარდა და სწორედ ამ მიზეზით ვერ მოხერხდა ამ დრომდე პრობლემის მოგვარება.

მისივე თქმით, სოფლის თავში განთავსებულია წყლის ავზი, თუმცა წყლის მარაგი ყველა ოჯახს არ ყოფნის.

გიორგი ერბოწონაშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ დღესვე წავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას მოითხოვს. მოსახლეობისთვის კი გაუგებარია, რატომ არ მიიღო ამ დრომდე მერიამ შესაბამისი ზომები.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სოფელ გომბორში საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია. მოსახლეობამ გზა ცოტა ხნის წინ გახსნა. ისინი სოფელში სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი თითქმის მთელი ზაფხულია, არ მიეწოდება.