საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარი სამმართველო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარი სამმართველო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარი სამმართველო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. ამის შესახებ სამსახურის უფროსმა გიორგი ჩარკვიანმა პირველ არხს განუცხადა.

ჩარკვიანი აცხადებს, რომ ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ძირითადად გართულებები ქალაქ თელავში გამოიწვია

„დაიტბორა სახლების პირველი სართულები და სარდაფები, პრობლემები შეიქმნა ელექტროგადამცემ ხაზებზე, ასევე, პრობლემები შეექმნა ცენტრალურ გზებზე მოძრავ მანქანებს, სადაც დიდი ნიაღვარი მოდიოდა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სიტუაცია დასტაბილურდა.

„ახმეტასა და თელავში მობილიზებულია ყველა საჭირო რესურსი, რათა სტიქიის შედეგები მოკლე დროში აღმოიფხვრას. დაშავებული არავინ არის. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაციის გართულება არ არის მოსალოდნელი, თუკი სტიქია არ განმეორდება. ამის ალბათობაც ძალიან დაბალია. ვრჩებით გაძლიერებულ რეჟიმზე, სანამ საჭიროება მოითხოვს“, – აღნიშნა გიორგი ჩარკვიანმა.

რამდენიმე საათის წინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.