საგანგებო მდგომარეობა სატრანსპორტო გადაადგილების დამატებით შეზღუდვას არ გამოიწვევს
საგანგებო მდგომარეობა სატრანსპორტო გადაადგილების დამატებით შეზღუდვას არ გამოიწვევს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, შეზღუდოს სატრანსპორტო გადაადგილება, ჩვენ ამას ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის იმედი აქვს.

„საჭირო თუ გახდა და შევამჩნიეთ, რომ ქალაქში საქალაქთაშორისო მობილურობა მაინც არ მცირდება, ჩვენ შემდგომ უფრო მკაცრ ნაბიჯებსაც მივიღებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობა არის უპირველესი პრიორიტეტი.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არ არის რაღაც გადამეტებული ნაბიჯები. პირიქით, ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ჯანმრთელობასა და ეკონომიკის შემდგომი აღდგენის პოტენციალის შენარჩუნებას შორის. მაგრამ, ასევე ვამბობთ, რომ ჯანმრთელობა არის პრიორიტეტი ნომერი ერთი.

ჩვენ თუ დავინახეთ, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც თითოეული მოქალაქის ან თუნდაც ცალკე აღებული რომელიმე კომპანიის არ შეესაბამება იმ სტანდარტს პრევენციის ჯანმრთელობის ჩვენი მოქალაქის, რა თქმა უნდა ჩვენი ზომები იქნება კიდევ უფრო მკაცრი.

ერთი რამე მინდა გითხრათ და ყველამ ეს უნდა გავიაზროთ, თითოეულმა მოქალაქემ, მსგავსი სახის გამოწვევა ამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა, ისევე როგორც გლობალურად მსგავსი სახის სიმძიმის გამოწვევა მსოფლიოს არ ქონია და ამას აღიარებს ყველა. ყველამ უნდა გავიაზროთ ერთი რამ, ჩვენ ვართ შეზღუდული ეკონომიკური პოტენციალის და საკმაოდ ჯერჯერობით ღარიბი ქვეყანა, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ ვირუსზე გამარჯვებისთვის ზედმიწევნით ზუსტად შევასრულოთ ის თვით იზოლაციის და სამოქალაქო დისტანციის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენს შემთხვევაში არის ყველაზე მარტივი შესასრულებელი იმისთვის, რომ ვირუსის მასობრივი და სწრაფი გავრცელება ავირიდოთ თავიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ რისკის ქვეშ ვაყენებთ თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი ოჯახის წევრის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.