საფრანგეთში ქალთა უფლებების დამცველების საპროტესტო აქციები გაიმართა
პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა აქციებზე, რომლებზეც მთავრობას ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისთვის კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
დემონსტრანტთა ინფორმაციით, ყოველ სამ დღეში სულ მცირე ერთი ქალის მკვლელობა ხდება ამჟამინდელი ან ყოფილი პარტნიორის მიერ. მათი თქმით, მარტო მიმდინარე წელს საფრანგეთში 100-ზე მეტი ქალია მოკლული.
პროტესტის მონაწილეებმა საფრანგეთის ხელისუფლებისგან ქალთა ძალადობის აღკვეთისთვის გამოყოფილი თანხის – 360 მილიონი ევროს ერთ მილიარდ ევრომდე გაზრდა მოითხოვეს. ამასთან, მათი თქმით, საჭიროა ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრების რაოდენობის გაზრდა და ინტენსიური ფსიქოლოგიური დახმარების შეთავაზება.