საფრანგეთში კორონავირუსის 22 591 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 104 ადამიანი
საფრანგეთში კორონავირუსის 22 591 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 104 ადამიანი

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 591 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უკვე მეექვსე დღეა, ქვეყანაში ვირუსის 20 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. ასევე იზრდება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 104 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 33 037 ადამიანია დაღუპული. სულ დადასტურებულია 779 063 შემთხვევა.

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ძალაში 17 ოქტომბრიდან შევა. სწორედ ამ დღიდან დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში 21:00-დან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდება. კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 137 ევროს ოდენობით განისაზღვრა.

ემანუელ მაკრონის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა არ იგეგმება და ადამიანებს რეგიონებში გადაადგილების შესაძლებლობა კვლავ ექნებათ.