საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 771 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. მაისის შემდეგ საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ბოლო კვირაში ქვეყანაში კორონავირუსის 664 000 ტესტი ჩაატარეს. ტესტირების პროცესის გაფართოების გამო კი ვირუსის შემთხვევების რიცხვიც გაიზარდა.
ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თქმით, ვირუსი, ძირითადად, ახალგაზრდებს შორის ცირკულირებს. ვირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საფრანგეთის კიდევ სამ ქალაქში: სენ-ეტიენში, ნიცასა და ტულუზაში საჯარო ადგილებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
საფრანგეთის განათლების მინისტრმა სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების გადადება გამორიცხა. სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყება. 11 წლის ასაკიდან მოსწავლეებს სკოლებში პირბადის ტარება მოუწევთ.
საფრანგეთის გარდა, ვირუსის შემთხვევების რიცხვი მატულობს ესპანეთში, გერმანიასა და იტალიაშიც.