საფრანგეთში 15 აპრილამდე ფეხბურთს მაყურებლების დაუსწრებლად ითამაშებენ
საფრანგეთში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარდეს. ეს შეზღუდვა ლიგა 1-ში და ლიგა 2-ში 15 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს. ამის შესახებ ფრანგული პროფესიული ლიგების პრესსამსახური იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში გაურკვეველი ვადით გადაიდო შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენსა“ და „სტრასბურს“ შორის.
უფრო ადრე, ლიგა 1-ში შემოიღეს ზომები, რომელიც მიმართული იყო ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის კონტაქტის მინიმიზაციაზე. ასევე, მოთამაშეებს მისცეს რეკომენდაცია, უარი თქვან თამაშის წინ ტრადიციულ ხელის ჩამორთმევაზე.
დღეისთვის, საფრანგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაავადების 1412 შემთხვევა. გარდაიცვალა 30 ადამიანი.