საფრანგეთისა და ირანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება განიხილეს
საფრანგეთისა და ირანის პრეზიდენტებმა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება განიხილეს. ჰასან როჰანიმ სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „ტერორისტული აქტი“ და „ეკონომიკური ომია“.
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური ომის გაგრძელებამ რეგიონსა და მსოფლიოში შესაძლოა, სხვა საფრთხეები გამოიწვიოს. ჰასან როჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ბოლო 14 თვის განმავლობაში ირანი ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას „სტრატეგიული მოთმინებით“ ცდილობდა და ვალდებულებები ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ირანელ კოლეგას უთხრა, რომ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლაზე, ევროკავშირმა უარყოფითი პოზიცია გამოხატა, რადგან ევროგაერთიანებას საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების შენარჩუნება სურს და მის გადასარჩენად შეძლებისდაგვარად, ყველაფერს აკეთებს. ემანუელ მაკრონის განცხადებით, შეთანხმების წარუმატებლობა კოლექტიური მარცხი და სამწუხარო ინციდენტი იქნება.